აუტიზმი


რა არის აუტიზმი?

შევეცდებით უკეთ აგიხსნათ რას წარმოადგენს აუტიზმი, რა არის ის სამი ძირითადი პრობლემა, რომელიც ყველა აუტიზმის მქონე ადამიანს აწუხებს, რამდენი ადამიანი იმყოფება ამგვარ მდგომარეობაში და რამ შეიძლება გამოიწვიოს ის.
როგორ აღიქვამენ აუტიზმის მქონე ადამიანები სამყაროს?
აუტიზმის მქონე ადამიანები ამბობენ, რომ სამყარო მათთვის ხალხის, ადგილებისა და მოვლენების გროვაა, რომლის აღსაქმელადაც იბრძვიან და რამაც შეიძლება დიდად ააღელვოს ისინი.
კერძოდ, ხალხის გაგება და მათთან ურთიერთობა, ასევე ყოველდღიურ ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებაც კი შეიძლება გაუჭირდეთ. სხვები თითქოს ინტუიციურად ხვდებიან, როგორ უნდა იურთიერთონ ერთმანეთთან და ზოგიერთ აუტიზმის მქონე ადამიანს შეიძლება გაუკვირდეს კიდეც, რატომ არის თავად “განსხვავებული”.
აუტიზმის შესახებ
აუტიზმი განვითარების შეფერხებაა. ის აუტიზმის სპექტრში შედის და მიიჩნევა აუტისტური სპექტრის დარღვევად. სიტყვა სპექტრი იმიტომაა გამოყენებული, რომ მაშინ, როდესაც აუტიზმით დაავადებულ ყველა ადამიანს ერთი და იგივე სამი პრობლემა აწუხებს, ეს მდგომარეობა სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენს მათზე. ზოგიერთს შეუძლია შედარებით “ყოველდღიური” ცხოვრებით იცხოვროს მაშინ, როდესაც სხვები მთელი ცხოვრების მანძილზე სპეციალისტის დახმარებას საჭიროებენ.
ის სამი სახის პრობლემა, რომელიც ყველა აუტიზმის მქონე ადამიანს აწუხებს, ზოგჯერ “უარესობათა ტრიადად” მოიხსენიება.  ესენია:
• საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემა
• საზოგადოებასთან კავშირის დამყარების, ინტეგრაციის პრობლემა
• საზოგადოებრივი წარმოსახვის პრობლემა
ეს ყოველივე დეტალურადაა აღწერილი სხვა გვერდზე.
შესაძლოა, აუტიზმის გამოცნობა გაგიჭირდეთ, რადგან ამ დაავადების მქონე ხალხი “უუნაროდ” სულაც არ გამოიყურება: აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები ხშირად ამბობენ, რომ სხვა ადამიანები ჩვეულებრივ ფიქრობენ, რომ მათი შვილი ახირებული ბავშვია, მაშინ, როდესაც მოზარდები აღმოაჩენენ, რომ მათი გაგება უჭირთ.
ყველა აუტიზმის მქონე ადამიანს დროულად უნდა დაესვას დიაგნოზი და ხელი მიუწვდებოდეს შესაფერის მომსახურება-დახმარებაზე.
ასპერგერის სინდრომი
არსებობს აუტიზმის ერთ-ერთი ფორმა, სახელად ასპერგერის სინდრომი. ჩვენს ვებსაიტზე შეგიძლიათ მეტი ინფორმაცია მოიპოვოთ ამ სინდრომის შესახებ.
სამი მთავარი პრობლემა
ყველა ადამიანს აუტიზმის განსხვავებული მახასიათებლები აქვს, თუმცა, ისინი ზოგადად სამ მთავარ ჯგუფად იყოფა:
• საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემა
• საზოგადოებასთან კავშირის დამყარების, ინტეგრაციის პრობლემა
• საზოგადოებრივი წარმოსახვის პრობლემა
საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემა
ხალხისთვის, რომელსაც აუტიზმის სპექტრის დარღვევა აღენიშნებათ, “სხეულის ენა” ისეთივე გაუგებარია, როგორც ძველი ბერძნული.
აუტიზმის მქონე ხალხს ვერბალურ და არავერბალურ მეტყველებასთან დაკავშირებით აქვთ პრობლემები. ისინი სიტყვებს პირდაპირ იგებენ და ფიქრობენ, რომ ადამიანები ზუსტად იმას ფიქრობენ, რასაც ამბობენ. მათ შეიძლება გაუჭირდეთ:
• სახის გამომეტყველების ან ხმის ტონის გაგება
• ხუმრობისა და სარკაზმის გაგება-გამოყენება
• საყოველთაოდ გავრცელებული ფრაზებისა და გამონათქვამების გაგება-გამოყენება: მაგალითად, ფრაზა “რა მაგარია”, რომელსაც ხალხი ხშირად ამბობს, როდესაც რაღაც მოსწონთ, სიტყვა-სიტყვით კი “მყარს და ძნელად დასამტვრევს” ნიშნავს.
აუტიზმით დაავადებულმა ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება საერთოდ არ ილაპარაკოს, ან ძალიან სიტყვაძუნწი იყოს. ჩვეულებრივ, მათ ესმით, რასაც სხვები ეუბნებიან, მაგრამ თავად სხვა საკომუნიკაციო საშუალებებს ანიჭებენ უპირატესობას, როგორებიცაა ნიშნების ენა და ხილული სიმბოლოები.
ზოგიერთებს მეტყველების კარგი უნარი აქვთ, მაგრამ მაინც უჭირთ სახუმარო საუბრის გაგება, სხვისი ნათქვამის გამეორება (ექოლალია) ან საკუთარ ინტერესებზე ხანგრძლივი საუბარი.
კარგი იქნება, თუ მათთან მოსაუბრე ადამიანი გარკვევით ილაპარაკებს და აუტიზმის მქონე ხალხს ნათქვამის გაანალიზების დროს მისცემს.
საზოგადოებასთან კავშირის დამყარებისინტეგრაციის პრობლემა
საზოგადოებასთან ინტეგრაცია ბუნებრივად არ ხდება – მისი სწავლაა საჭირო.
აუტიზმით დაავადებულებს ხშირად ექმნებათ პრობლემა სხვების ემოციებისა და შეგრძნებების გაგებასა და თავისი ემოციების გამოხატვაში, რის გამოც შეიძლება უფრო გაუძნელდეთ საზოგადოებასთან შეგუება. შესაძლოა, მათ:
• ვერ გააცნობიერონ საზოგადოების დაუწერელი წესები, რომელთაც ჩვენ ფიქრის გარეშე ვაღიარებთ: მაგალითად, შეიძლება ძალიან ახლოს დადგნენ სხვა ადამიანთან ან შეუფერებელ თემაზე წამოიწყონ საუბარი
• ჩანდნენ უგრძნობნი, გულგრილნი, რადგან ისინი ვერ აცნობიერებენ როგორი გრძნობები აქვთ სხვებს
• მარტო ყოფნა ურჩევნიათ
• ვერ იღებენ სიამოვნებას სხვა ადამიანებთან ყოფნით
• მათი საქციელი უცნაური და შეუფერებელია. თითქოს ადვილად გამოხატავენ განცდებს, ემოციებს და საჭიროებებს.
საზოგადოებასთან კავშირის დამყარების პრობლემა ნიშნავს იმას, რომ აუტიზმით დაავადებულებს უჭირთ მეგობრების შეძენა: ზოგიერთს შეიძლება ჰქონდეს ამის სურვილი, მაგრამ არ იცოდეს, როგორ მოახერხოს ეს.
საზოგადოებრივი წარმოსახვის პრობლემა
ჩვენ გვიჭირს მივხვდეთ რა იციან სხვებმა. უფრო გვიჭირს მივხვდეთ, რას ფიქრობენ ისინი.
საზოგადოებრივი წარმოსახვის უნარი საშუალებას გვაძლევს გავიგოთ და ვიწინასწარმეტყველოთ სხვების საქციელი, ფარული იდეები და წარმოვიდგინოთ ყოველდღიური ცხოვრებისგან განსხვავებული სიტუაციები. ამ საკითხში პრობლემები ნიშნავს, რომ აუტიზმის მქონე ხალხს უჭირს:
• სხვების ფიქრების, განცდებისა და საქციელის გაგება
• იმის წინასწარმეტყველება, თუ რა მოხდება ან რა შეიძლება მოხდეს შემდეგ
• საფრთხის გაცნობიერება, მაგალითად, ის, რომ გზაზე გადარბენა საფრთხეს უქადის
• დაკავდნენ შემოქმედებითი საქმიანობით: აუტიზმის მქონე ბავშვმა შეიძლება ითამაშოს სპექტაკლში, თუმცა, ერთი და იგივე სცენის თამაში ურჩევნია
• ცვლილებასთან შეგუება და მომავლის დაგეგმვა
• ახალ სიტუაციასთან შეგუება
საზოგადოებრივი წარმოსახვის პრობლემა არ უნდა აგვერიოს ფანტაზიის, შემოქმედებითი უნარის ნაკლებობაში. ბევრი აუტიზმის მქონე ადამიანი ძალიან შემოქმედებითია და შეიძლება სრულყოფილი მსახიობი, მუსიკოსი ან მწერალი გამოვიდეს.
აუტიზმის მახასიათებლები
ყველა ადამიანში სხვადასხვაგვარად ვლინდება ეს დაავდება, მაგრამ როგორც სამი მთავარი პრობლემაა გამოყოფილი, აუტიზმის მქონე ადამიანს შეიძლება აღენიშნებოდეს:
• რუტინის სიყვარული
• მომატებული მგრძნობელობა
• განსაკუთრებული ინტერესები
• შემეცნების დაქვეითებული უნარი
რუტინის სიყვარული
ერთი ახალგაზრდა პიროვნება დღის წირვას ესწრებოდა ხოლმე.  ტაქსის აიყვანდა, კართან ფეხით მივიდოდა, აკაკუნებდა და შედიოდა. ერთ დღეს კარი მანამდე გაიღო, სანამ დააკაკუნებდა და ვიღაც გამოვიდა. ღია კარში შესვლის ნაცვლად, ის უკან დაბრუნდა და ჩვეული მოქმედება გაიმეორა.
აუტიზმის მქონე ხალხისთვის ეს სამყარო უფრო დამაბნეველია, ვიდრე ჩვენთვის. უმეტეს შემთხვევაში მათ ურჩევნიათ ყოველდღე ერთი და იგივე აკეთონ რათა იცოდნენ, რა არის მოსალოდნელი მეორე დღეს. ეს რუტინა შეიძლება იყოს სამსახურში ან სკოლაში ყოველდღე ერთი და იმავე გზით სიარული, ან საუზმედ ერთი და იგივე საჭმლის მირთმევა.
წესებიც დიდად მნიშვნელოვანია: აუტიზმით დაავადებულს შეიძლება გაუჭირდეს რაღაცის სხვანაირად მიდგომა, მას შემდეგ, რაც მას სწორად მოქცევა ასწავლეს. აუტიზმით დაავადებულ ხალხს დიდად არ აღაფრთოვანებს ცვლილების იდეა, მაგრამ ეგუებიან მას წინასწარ შემზადების შემთხვევაში.
მომატებული მგრძნობელობა
როუანი ხელოვნების მოყვარულია, მაგრამ სამოსის დამცავი მაისურის ჩაცმა ეჯავრება – ქსოვილის შეხება კანზე სასოწარკვეთილებაში აგდებს. მის სკოლასთან შევთანხმდით, რომ წინსაფარს გაიკეთებს მაისურის სანაცვლოდ.
აუტიზმით დაავადებულებს შეიძლება მომატებული მგრძნობელობა აღენიშნებოდეთ, რამაც შეიძლება თავი იჩინოს ერთი ან რამდენიმე გრძნობის – მხედველობის, სმენის, ყნოსვის, შეხებისა ან გემოს შეგრძნების მხრივ. პიროვნების შეგრძნებები ან ძალიან მძაფრია, ან არა.
მაგალითად, აუტიზმით დაავადებულმა ადამიანმა შეიძლება ზოგიერთი დაფარული ხმა, რომელზეც სხვები ყურადღებას არ ამახვილებენ, აუტანლად ხმამაღალი მოეჩვენოს და თავგზა აუბნიოს, რაც მის შფოთვასა და ფიზიკურ ტკივილსაც კი იწვევს.
ხალხმა, რომელიც არ არის მგრძნობიარე, შეიძლება ვერ იგრძნოს ტკივილი ან ძლიერი სიცხე. შეგრძნებების სტიმულირების მიზნით შესაძლოა ატრიალონ ან მიატყუპონ ხელები, რათა წონასწორობა დაიცვან, შეეგუონ ან გაუმკლავდნენ სტრესს.
მომატებული მგრძნობელობის მქონე ადამიანებს შესაძლოა ასევე გაუჭირდეთ თავიანთი სხეულის შეცნობის სისტემის გამოყენება. ეს სისტემა გვამცნობს სად ვიმყოფებით. ასე რომ დაქვეითებული უნარის მქონეთათვის შეიძლება რთული აღმოჩნდეს ოთახების მიგნება, სხვებთან ნორმალური მანძილის მოშორებით დადგომა და “ჩვეულებრივი მოძრაობის” გაკეთება, როგორიც, მაგალითად, ფეხსაცმლის თასმის შეკვრაა. ზოგიერთმა ასეთმა ადამიანმა შეიძლება წონასწორობის ან პოზის შესანარჩუნებლად წაიბარბაცოს.
განსაკუთრებული ინტერესები
ჩემმა შემოქმედებითმა საქმიანობამ საზოგადოებისგან გამრიყა. როდესაც აუტიზმის მქონე ადამიანს რაღაცის ნიჭი აქვს, მას აუცილებლად ხელი უნდა შეეწყოს.
ბევრ აუტიზმით დაავადებულს აქვს განსაკუთრებული ინტერესი რაღაცის მიმართ, ხშირ შემთხვევაში ძალიან ადრეული ასაკიდან. დროთა განმავლობაში ეს ინტერესი შეიძლება შეიცვალოს ან მთელი ცხოვრების მანძილზე დარჩეს. იგი შეიძლება იყოს ხელოვნების რომელიმე სფერო, კომპიუტერი და ა.შ. ზოგიერთი აუტიზმით დაავადებული სასურველ სფეროშიც მუშაობს ან სწავლობს. სხვებისთვის კი ეს ინტერესი ჰობად რჩება.
ზოგჯერ შეიძლება აუტიზმის მქონე ადამიანი უცნაური რამითაც დაინტერესდეს. ერთ-ერთ მათგანს ნაგვის შეგროვება იტაცებდა, რაც ნაგვის გადამუშავებასა და გარემოს დაცვის საკითხებში შედის.
მე მყავს დამხმარე, რომელიც ჩემთან ერთად ზის და თუკი რომელიმე სიტყვამ “გამჭედა”, მეხმარება.
აუტიზმით დაავადებულებს შეიძლება სწავლა გაუჭირდეთ, რამაც შესაძლოა ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტში იჩინოს თავი, იქნება ეს სკოლაში სიარული,  რეცხვა თუ საჭმლის მომზადება. როგორც აუტიზმის შემთხვევაში, აუტიზმის არმქონე ხალხსაც შეიძლება სხვადასხვა სიმძიმის პრობლემა ჰქონდეთ სწავლის მხრივ. ასე რომ, ზოგიერთ მათგანს დამოუკიდებლად ცხოვრება შეუძლია – თუმცა, ამის მისაღწევად შეიძლება გარკვეული სახის დახმარება დასჭირდეს – მაშინ, როცა სხვებს მთელი ცხოვრების მანძილზე სჭირდებათ სპეციალისტის დახმარება. თუმცა. ყველა აუტიზმის მქონე ადამიანს შეუძლია ისწავლოს და გაიუმჯობესოს მდგომარეობა სწორი დახმარების საშუალებით.
არსებობს სხვაგვარი მდგომარეობები, რომელიც აუტიზმთან ასოცირდება, მაგალითად ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი ან სწავლის ისეთი პრობლემები, როგორებიცაა დისლექსია და დისპრაქსია.
ვის ემართება აუტიზმი?
აუტიზმი უფრო მეტადაა გავრცელებული, ვიდრე ხალხს ჰგონია. გაერთიანებულ სამეფოში დაახლოებით მილიონნახევარი ადამიანია დაავადებული – რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველ ას ადამიანში ერთს აუტიზმი აღენიშნება.
ყველა ეროვნებისა და კულტურის, რელიგიისა და საზოგადოების ადამიანს შეიძლება ჰქონდეს აუტიზმი, თუმცა, ეს დაავადება მამაკაცებს უფრო ხშირად ემართებათ. ეს მდგომარეობა მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება: აუტიზმის მქონე ბავშვები აუტიზმის მქონე მოზარდები ხდებიან.
მიზეზები და სამკურნალო საშუალებები
აუტიზმის გამომოწვევი ზუსტი მიზეზის დადგენას ჯერ კიდევ ცდილობენ. თუმცა, კვლევების მიხედვით დადგენილია, რომ გენეტიკურმა და გარემო ფაქტორებმა ერთად შეიძლება ტვინის განვითარების ცვლილება გამოიწვიოს.
აუტიზმი ადამიანის აღზრდიდან, საზოგადოებრივი მდგომარეობიდან არ გამომდინარეობს და თავად პიროვნებაც ვერ იქნება ამის გამომწვევი.
არსებობს თუ არა წამალი?
ამჟამად აუტიზმის “წამალი” არ არსებობს. თუმცა, არსებობს ინტერვენციათა მთელი რიგი და სწავლა-განვითარების ხელშემწყობი მეთოდები, რომელთა საშუალებითაც ადამიანის დახმარება შეიძლება.
დიაგნოზი
დიაგნოზი აუტიზმის ოფიციალური დადასტურებაა, რასაც, ჩვეულებრივ, პროფესიონალი ექიმი, პედიატრი, ნევროლოგი ან ფსიქიატრი აკეთებს. დიაგნოზი აუცილებელია ორი რამის გამო:
• ის ეხმარება აუტიზმის მქონე ადამიანებს და მათ ოჯახებს გააცნობიერონ, რომ შეიძლება პრობლემები შეექმნათ და როგორ უნდა გაუმკლავდნენ მათ.
• საშუალებას აძლევს ხალხს, ხელი მიუწვდებოდეთ მომსახურებასა და დახმარებაზე.
აუტიზმის სხვადასხვა სახელწოდებები
ბევრმა პროფესიონალმა შეიძლება აუტიზმი სხვადასხვა სახელწოდებით მოიხსენიოს, როგორიცაა აუტიზმი, აუტისტური დარღვევა, კლასიკური აუტიზმი ან კანერისეული აუტიზმის, განვითარების პერვაზიული დარღვევა ან მაღალფუნქციური აუტიზმი.

No comments:

Post a Comment